ვირტუალური ნეტო აღრიცხვა

საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას და შესაბამისად, ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ბევრ სხვადასხვა სფეროში უკეთესი საკანონდებლო ცვლილებების მიღებას გულისხმობს. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ენერგეტიკაა. სწორედ ამიტომ 2016 წელს სახელმწიფომ აამოქმედა ე.წ. “ნეტო აღრიცხვის პროგრამა”, რაც საქართველოს მოქალაქეებს ბევრ სიკეთეს სთავაზობს.

ნეტო აღრიცხვის თავდაპირველი რეგულაციით, საქართველოში ნებისმიერ აბონენტს (ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს) აქვს შესაძლებლობა, როგორც საკუთარ, ისე სხვა ნებისმიერ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო ელ.სადგური. გამომუშავებული ენერგია თავადვე მოიხმაროს, ან ჭარბი ენერგიის შემთხვევაში მიაწოდოს იგი ქსელში, რომელიც თვის ბოლოს მოსულ ქვითარში აისახება დადებით ბალანსად კვტ.სთ-ებში. საბოლოოდ, მიწოდებულ ენერგიას გამოაკლდება მოხმარებული ენერგია და სადგურის მფლობელს მათი გაქვითული სხვაობის გადახდა მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ გაყიდული ენერგია მოხმარებულს აჭარბებს, ის მომდენო თვეზე გადავა, ერთი წლის თავზე კი, დადებითი ბალანსის შემთხვევაში, გამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება აბონენტს გადაუხადოს თანხა სემეკის მიერ დადგენილი საბითუმო ფასის შესაბამისად. ამ ყველაფრის განხორციელება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან სემეკის ხელშეწყობით მოქმედებს “ერთ ფანჯრის პრინციპი”, რომელიც ნებისმიერ მსურველს გამარტივებული წესით სთავაზობს ქსელზე მიერთებას. გამანაწილებელი კომპანიები, იქნება ეს “თელასი”, თუ “ენერგო პრო ჯორჯია”, ვალდებულნი არიან 10-20 დღეში დააკმაყოფილონ თქვენი მოთხოვნა და თქვენი მზის ელ-სადგური მიუერთონ ქსელს, შეცვალონ და დააყენონ ნეტო აღრიცხვის რევერსული მრიცხველი.

დღეისთვის უკვე შესაძლებელია 500კვტ.-მდე სადგურის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვა. ამის შესახებ შეგიძლიათ იხ. დაწვრილებით ეს ვიდეოები:

2020 წელს ამოქმედდა ვირტუალური ნეტო აღრიცხვის პროგრამა. ვირტუალური ნეტო აღრიცხვა გულისხმობს რომ აღარ არის აუცილებელი, გენერაციის ობიექტი (მზის ელ-სადგური) და მოხმარების ობიექტი (მაგ. თქვენი სახლი) ერთსა და იმავე ადგილას იყოს. ანუ, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ მზის ელ-სადგური სრულიად სხვაგან და ჩაითვალოთ მისი გამომუშავება სრულიად სხვაგან.

მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ თბილისი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც მრავლად კორპუსებია, აქედან გამომდინარე, ბევრისთვის შეუძლებელი ხდება მზის პანელების სახურავზე განთავსება. სწორედ ამაში მდგომარეობს ვირტუალური ნეტო აღრიცხვის არსი, რომ თუ თქვენ კორპუსში ცხოვრობთ და არ შეგიძლიათ დაამონტაჟოთ მზის პანელები, ეს ვირტუალური ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვაში ხელს არ შეგიშლით. თქვენ შეგიძლიათ ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახლის სახურავი ან უბრალოდ კონკრეტული ადგილი შეარჩიოთ, შეუთანხმდეთ მის მფლობელს და განათავსოთ ერთობლივი მზის ელ-სადგური, რომლის გამომუშავებულ ენერგიასაც თქვენ მოშორებით, თქვენთან ჩაითვლით. ასევე შესაძლებელია, სადგურის მიერ გამომუშავებული ელ-ენერგიის თქვენი სურვილისებრ გადანაწილებაც, მაგ. თქვენს პარტნიორს (სახურავის მფლობელს) ენერგიის 30%-ი შესთავაზოთ, დანარჩენი 70%-ი კი თავად ჩაითვალოთ.

ასევე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ვირტუალურ ნეტო სისტემაში ჩამრთველთა რაოდენობა შეუზღუდავია, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანთან ერთად დადგათ მიკრო ელ-სადგური და ყველა თქვენგანმა ჩაითვალოთ გამომუშავებული ელ-ენერგია სხვადასხვა ადგილას.

კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ესაა სპეციალური ჭკვიანი და რევერსული მრიცხველები, რომლებიც აღნიშნული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. ვირტუალურ ნეტო აღრიცხვაში ჩართულ ყველა მომხმარებელს ასეთი მრიცხველის დაყენება მოუწევს.

გარდა ამისა, თვითონ მიკრო ელ-სადგური გამანაწილებელ ქსელს უნდა მიუერთდეს. ამისთვის დაგჭირდებათ ცალკე მრიცხველი, რომელიც ქსელში გაშვებულ ენერგიას აღრიცხავს.

შესაბამისად, ამ ყველაფრის გასაკეთებლად, გამანაწილებელი კომპანიისთვის მოგიწევთ მიკრო ელ-სადგურის დამატებით ქსელზე მისაერთებელი თანხის გადახდა, რა მისაერთებელი სადგურის სიმძლავრიდან გამომდინარე, სხვადასხვაა.

და ბოლოს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ვირტუალურ ნეტო აღრიცხვაში ჩასართავად, აუცილებელი პირობაა, რომ თქვენი ობიექტი (მაგ. საცხოვრებელი სახლი) და მიკრო ელ-სადგური ერთ გამანაწილებელ ქსელს ეკუთვნოდეს. თბილისის შემთხვევაში თელასს, ხოლო რეგიონების შემთხვევაში – ენერგო პრო ჯორჯიას. შესაბამისად, თუ თქვენ თელასის აბონენტი ხართ და სადგური ენერგო პრო ჯორჯიას ზონაში შედის, გენერაციის თქვენთან ჩათვლას ვერ შეძლებთ.
დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვიდეოს:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *