განახლებადი ენერგიების საბაზისო კურსი
მზის ენერგეტიკა

კურსის აღწერა
განახლებადი ენერგიების საბაზისო კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ან გაიღრმავოს ცოდნა განახლებადი ენერგიების სფეროში.
კურსის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება მზის ენერგეტიკაზე, არსებულ პოტენციალზე და საქართველოში მისი განვითარების პერსპექტივებზე.
კურსდამთავრებული მიიღებს საბაზისო ცოდნას მზის ელექტროსადგურების სახეების, მათი დაპროექტების და მოწყობის შესახებ. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს. გარდა ზოგადი თეორიული ცოდნისა, აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თავად დააპროექტონ, ააშენონ და გაუწიონ მონიტორინგი მზის ელექტროსადგურებს.
კურსი საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეისწავლონ მათი მუშაობის პრინციპები. კურსის ფარგლებში შეთავაზებული იქნება სხვა საინტერესო თემებიც, როგორებიცაა მაგ. ელექტრო მობილობა, ენერგოეფექტურობა, პასიური სახლების კონცეფცია და ა.შ.
სწავლების სტრატეგია
სასწავლო კურსი მოიცავს 10 სალექციო დღეს და 1 პრაქტიკულ გასვლას, რეალური მზის ელექტროსადგურის მაგალითზე მუშაობის პრინციპების შესწავლას.
ყოველი ლექციის შემდეგ, სტუდენტს გადაეცემა სალექციო მასალა და კურსის შესაბამისი წყაროები დამატებითი ინფორმაციისთვის ელექტრონული ან ბეჭდური სახით.
აკადემიის სტუდენტების ჩართულობა ლექციების მსვლელობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მათ მიეცემათ დავალებები რომელსაც წარადგენენ წინასწარ განსაზღვრული ვადის მიხედვით.
კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის შინაარსი
XXI საუკუნის ტექნოლოგიური ცვლილებები ბევრი სფეროსთვის აღმოჩნდა გარდამტეხი და ხშირ შემთხვევაში ამან კაცობრიობის ცნობიერების ცვლილებას შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ასეთი სფეროა ენერგეტიკა, რომელიც ძალიან სწრაფად განიცდის ტრანსფორმაციას და ტრადიციული ენერგო რესურსების გამოყენებაზე ამბობს უარს. ეს ტრანსფორმაცია გამოწვეულია იმითაც, რომ ტრადიციული ენერგო რესურსები (მაგ. ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი) ამოწურვადია და ამასთანავე გარემოსთვის ზიანის მომტანი. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების დანერგვის ხელშეწყობა ჩვენი საუკუნის გამოწვევაა. ბევრ ქვეყანას გააჩნია ჩამოყალიბებული სტრატეგია CO-ს შემცირების კუთხით, მათ შორის საქართველოსაც აქვს კონკრეტული გეგმები და განვითარების სტრატეგია, რაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესით არის განპირობებული.
განახლებადი ენერგიების დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია მზის ენერგეტიკას. ეს დარგი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც ახალია და მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გახდა პოპულარული. ეს ძირითადად განპირობებული იყო ტექნოლოგიის გაიაფებით.
რა პოტენციალი აქვს მზის ენერგეტიკას? სად იმყოფება მსოფლიო განვითარების კუთხით და რა პერსპექტივები გვაქვს საქართველოში? არის თუ არა მზის ენერგეტიკა მომავლის ენერგეტიკა როგორც ამას ბევრი მეცნიერი წინასწარმეტყველებს? რა დაბრკოლებებს აწყდება დარგი განვითარებისას?
ლექტორი: თორნიკე დარჯანია [კომპანია “ჰელიოს ენერჯი”-ს დამფუძნებელი]
ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან სადგურის მუშაობის პრინციპებს, ასევე იმას, თუ როგორ ხდება ამ სადგურების დაპროექტება და მომხმარებლის ინტერესებზე მორგება.
ტექნიკურ პროექტთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მზის ელ-სადგურის სარგებლიანობის ეკონომიკური მოდელის შემუშავება.
ლექტორი: თორნიკე დარჯანია [კომპანია “ჰელიოს ენერჯი”-ს დამფუძნებელი]
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროძრავიანი მანქანები ჯერ მხოლოდ თვითდამკვიდრების პროცესშია, ეს ტექნოლოგია თითქმის ორ საუკუნეს ითვლის – პირველი ექსპერიმენტული ელექტრომობილი 1830 წელს შეიქმნა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, არსებული ავტომობილების უმეტესობა უკვე ელექტრო იყო. მათი პოპულარობა იგივე ფაქტორებმა განაპირობა რაც დღევანდელ რეალობაში: ისინი გამონაბოლქვის და ხმაურის გარეშე მოძრაობდნენ, უფრო სწარაფად შეეძლოთ ადგილიდან დაძვრა და მოძრაობაც მგზავრებისთვის ბევრად კომფორტული იყო.
ბოლო ათი წლის მანძილზე ელექტრომობილის ბატარეა, განსაკუთრებით ლითიუმ-იონის ბატარეა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: გაიზარდა მისი ეფექტურობა, რამაც მანქანის მფლობელს უფრო დიდ მანძილებზე გადაადგილების საშუალება მისცა, შემცირდა ბატარეის ზომა და წონა და, რაც მთავარია, მისი ღირებულება.
ამავდროულად, დამტენების ტექნოლოგიაც წინ წავიდა და დამტენების ქსელის გაფართოებამ მეტი “თავდაჯერებულობა” შესძინა ელექტრომობილის მფლობელებს. დღეს საქართველოში 2500-მდე რეგისტრირებული ელექტრომობილია. დამტენების ქსელი კი ნელ-ნელა ვითარდება რასაც ბაზარზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
კომპანია ი-სპეისის მფლობელობაში არის ე.წ ქალაქის ტიპის დამტენები და სწრაფი დამტენები. ლექციის დროს მათ შორის განსხვავება და მსგავსება იქნება ახსნილი და შედარებული მსოფლიო ბაზრის ტენდენციებთან.
ლექტორი: ავთანდილ შავიშვილი [კომპანია “ი-სპეის”-ის დირექტორი]
ლექციის დროს ასევე განხილული იქნება მიმდინარე ბაზრის რეფორმა საქართველოში და ელექტროენერგიის სამომავლო ბაზრის მოდელი საერთაშორისო გამოცდილებისა და ერთიანი ევროპული ბაზრის კონცეფციის შესაბამისად. გაშლილი იქნება კონკურენტული საბითუმო და საცალო ბაზრის მუშაობის პრინციპები.
აღნიშნული სალექციო კურსი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის მექანიზმების მიმოხილვას და განახლებადი ენერგიის წყაროების კონკურენტულ ბაზარში ინტეგრაციის გზებს. ცალკე ყურადღება დაეთმობა მიკრო და მცირე განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის სქემებს, ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკასა და საკუთარი მოხმარების საშუალებების განვითარების პერსპექტივებს. მიმოხილული იქნება როგორც მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება, აგრეთვე საქართველოში არსებული რეგულაციები და მათი დახვეწის პერსპექტივები.
ლექტორი: ზვიად გაჩეჩილაძე [სემეკი, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე] ლექტორი: სერგო ლაცაბიძე [სემეკი, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი]
დამუშავების პროცესში…
ლექტორი: ირაკლი გალდავა
დამუშავების პროცესში…
ლექტორი: სალომე ბერეჩიკიძე
პასიური სახლის იდეის წარმოშობა, ისტორიული მიმოხილვა, სტანდარტი, მისი ატრიბუტები, “პასიური სახლის ინსტიტუტი” დარმშტადტში (გერმანია).
ენერგოდამოუკიდებლობა – გზა ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ!
შესაძლებელია თუ არა ავაშენოთ სახლი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ენერგოდამოუკიდებელი? (Zero-Energy Home) სახლი, რომელიც სრულად “საკუთარი” ენერგიით მომარაგდება და გათბობისა და გაგრილებისთვის მხოლოდ განახლებად ენერგიას გამოიყენებს?
ასეთი რამ შესაძლებელია!
ენერგოეფექტურობის ენთუზიასტი ზურაბ გოჯიაშვილი გაგვაცნობს, თუ როგორ ააშენა პასიური სახლის სტანდარტის და თითქმის ენერგოდამოუკიდებელი სახლი გორში, ფრანგული კომპანიის, PopUp House – ის დახმარებით.
ლექტორი: ზურაბ გოჯიაშვილი [კომპანია “ტირიფონის ბაღები”-ს დამფუძნებელი]
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება მზის ელექტროსადგურების სპეციალური პროგრამა PV Sol Valentine Software. პროგრამის საშუალებით დაპროექტდება სანიმუშო მზის ელექტროსადგური.
ლექტორი: თორნიკე დარჯანია [კომპანია “ჰელიოს ენერჯი”-ს დამფუძნებელი]
საორგანიზაციო საკითხები
კურსის დაწყება – 18 აპრილი, 2023
ლექციების დღეები – სამშაბათი (18:30) და შაბათი (12:00)
კურსის ხანგრძლივობა – 11 შეხვედრა, ლექციის ხანგძლივობა 2 საათი, 15 წუთიანი შესვენებით
კურსის ჩატარების ადგილი – გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა (ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”)
კურსის ღირებულება – 500 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 12 აპრილი, 2023
კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შესაძლოა ჯგუფი დაკომპლექტდეს რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე.