მწვანე სამეზობლო
მზის პანელებს არა მხოლოდ სუფთა ენერგიის გამომუშავება, არამედ მეზობლების შთაგონებაც შეუძლიათ
შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 260 000 ოჯახი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ როდესაც ერთი ოჯახი მზის პანელებს აყენებს, ახლომდებარე ოჯახებში იზრდება მზის ენერგიის სისტემების გამოყენების, ელექტრომობილებზე გადასვლისა და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ალბათობა. მზის პანელების მონტაჟის ე.წ. „სამეზობლო ეფექტი“ 100 მეტრის მანძილზეც კი მოქმედებს: ამ მანძილზე დამატებითი მზის ენერგიის სისტემის დამონტაჟება მეზობელ ოჯახში მზის პანელების დამონტაჟების ალბათობას 2%-ით, ხოლო ელექტრომობილის შეძენის ალბათობას 2.3%-ით ზრდის. როდესაც მზის სისტემა 10 მეტრის რადიუსშია, ეფექტი კიდევ უფრო ძლიერია.
კვლევა ბერნის კანტონში ჩატარდა და დაეყრდნო ოჯახებში 2008–2019 წლების პერიოდში დაფიქსირებულ მზის PV სისტემების, ელექტროენერგიის წლიური მოხმარებისა და ავტომობილების ფლობის შესახებ მონაცემებს, ასევე, საცხოვრებელი სახლებისა და სახურავების მზის ენერგიისთვის ვარგისიანობის და ოჯახებს შორის ზუსტი გეოგრაფიული მანძილების შესახებ ინფორმაციას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაედგინათ, როგორ იცვლებოდა ადამნების ქცევა მათ სიახლოვეს მზის სისტემების გაჩენის შემდეგ.
კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ახლოს არის მზის ენერგიის სისტემა, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა. ადამიანებისთვის რეალურ გარემოში უკვე განხორციელებული მაგალითის ნახვა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სტიმული გახდეს, რომ თავადაც აირჩიონ სუფთა ენერგიის ტექნოლოგიები.
ასე რომ, მზის ენერგიის ერთი სისტემა, შესაძლოა, უფრო მწვანე სამეზობლოს დასაწყისი გახდეს.
წყარო: Journal of Public Economics