მზის ენერგიის მომავალი: როგორ შეიძლება Solar PV გლობალური ელექტროენერგიის მთავარი წყარო გახდეს

ენერგეტიკის კვლევისა და ენერგოსისტემების მოდელირების ხუთი ათწლეულის ანალიზი აჩვენებს, რომ მზის ფოტოელექტრული ენერგია (Solar PV) ნიშური ტექნოლოგიიდან გლობალური ელექტროენერგიის წარმოების პოტენციურად დომინანტურ წყაროდ იქცა.

ანალიზი ეფუძნება ენერგეტიკული ტრანზიციის შესახებ 60 კვლევის მიმოხილვას და მიუთითებს, რომ არსებული ენერგეტიკული მოდელების ნაწილი შესაძლოა კვლავ სათანადოდ ვერ აფასებდეს მზის ფოტოელექტრული ენერგიის მომავალ როლს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტექნოლოგიის ღირებულების, ეფექტიანობისა და მასშტაბური დანერგვის შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოძველებული შეხედულებებია.

პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის მზის ენერგია, შესაძლოა, გლობალური ელექტროენერგიის დაახლოებით 61%-ს უზრუნველყოფდეს.

100%-ით განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული ენერგოსისტემების კვლევაში ხუთი ათწლეულის განმავლობაში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა ეტაპებმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ხედვა მზის ენერგიის გადამწყვეტი როლის შესახებ გლობალური ენერგომომარაგების სფეროში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: სამომავლო განვითარების ხედვისა და მასშტაბის განსაზღვრას; PV სისტემების გამოყენების სფეროებში მიღწეულ ტექნოლოგიურ პროგრესს; ეკონომიკური ასპექტებისა და შესაძლებლობების შესახებ ცოდნის გაფართოებას;  მიდგომებისა და კვლევის მეთოდების გაუმჯობესებას.

მზის ფოტოელექტრული ენერგია სულ უფრო მეტად ხდება არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ტექნოლოგია, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია მწვანე წყალბადის, ელექტროსაწვავის (e-fuels), ელექტროქიმიური პროდუქტების (e-chemicals), წყლის გამტკნარებისა და სხვა მიმართულებებისთვის. ენერგეტიკის განვითარების ეს კონცეფცია ხშირად მოიხსენიება როგორც  „მზიდან X-მდე ეკონომიკა“ (Solar-to-X Economy).

მზის ენერგიის გლობალური დანერგვა სულ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. 2025 წლისთვის მსოფლიოში მზის ფოტოელექტრული სისტემების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ დაახლოებით 3 TW-ს მიაღწია, მაშინ როდესაც მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში დაახლოებით 700 GW ახალი სიმძლავრე დაემატა.

მზის ფოტოელექტრული ენერგიის როლი გლობალურ ენერგოსისტემაში შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე ეს დღევანდელი პროგნოზით მოიაზრება.

მზის ტექნოლოგიების ღირებულების სწრაფი შემცირება, ტექნოლოგიური განვითარება, ენერგოეფექტიანობის ზრდა და ახალი გამოყენების სფეროების გაჩენა მზის ენერგიას, როგორც ენერგეტიკული ტრანზიციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მისი მნიშვნელობის ზრდა მხოლოდ ტრადიციულ, მიწაზე განთავსებულ და სახურავის მზის ელექტროსადგურებზე არ იქნება დამოკიდებული.

მზის ბაზრის გაფართოებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ისეთმა ტექნოლოგიებმა და გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა ორმხრივი მზის მოდულები, ტრეკერები, მცურავი PV სისტემები, აგროვოლტაიკა, ენერგიის შენახვის სისტემები და Power-to-X ტექნოლოგიები.

ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში 100%-ით განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული ენერგოსისტემების კვლევამ საფუძველი ჩაუყარა კომპლექსური ანალიზის შესაძლებლობას, რაც ასევე მიზნად ისახავს მზის ენერგიის როლის შესწავლას მდგრადი ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში და ე.წ. „მზის ეპოქის“ (Solar Age) დადგომაში.

წყარო:  PV Magazine