როგორ დავიცვათ მზის ენერგიის საყოფაცხოვრებო ბატარეები მაღალი ტემპერატურის დროს?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს არა მხოლოდ მზის პანელების, არამედ ენერგიის დაგროვების აკუმულატორული სისტემების მუშაობასა და ექსპლუატაციის ვადაზეც. PV Magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებენ:

✅ აკუმულატორი უნდა დამონტაჟდეს გრილ, ჩრდილოვან და კარგად განიავებად სივრცეში.
✅ არ არის რეკომენდებული მისი განთავსება სხვენში, ღია აივანზე ან მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.
✅ მნიშვნელოვანია მხოლოდ სერტიფიცირებული მოწყობილობების გამოყენება და მწარმოებლის ინსტალაციის მოთხოვნების დაცვა.
✅ ძლიერი სიცხის პერიოდში ენერგოინტენსიური ტექნიკის გამოყენება უმჯობესია დღის საათებში, როდესაც მზის პანელები ელექტროენერგიას პირდაპირ გამოიმუშავებენ. ეს ამცირებს აკუმულატორზე დატვირთვას და მისი გადახურების რისკს.

Kiwa PI Berlin-ის კონვერტორებისა და ენერგიის დაგროვების სისტემების მიმართულების ხელმძღვანელი, გარიკოიც სარიეგი აღნიშნავს, რომ როდესაც აკუმულატორების ან ინვერტორების ტემპერატურა ზედმეტად იმატებს, მათი ჩაშენებული დამცავი სისტემები ავტომატურად ამცირებს გამომავალ სიმძლავრეს, რათა თავიდან აიცილოს მოწყობილობის მუდმივი დაზიანება. ეს პროცესი ცნობილია, როგორც სიმძლავრის ავტომატური შეზღუდვა (derating). კრიტიკულად მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი სისტემამ შესაძლოა დროებით სრულად შეწყვიტოს მუშაობა.

ექსტრემალური სიცხის პერიოდში სარიეგი რეკომენდაციას იძლევა, რომ მაღალი ენერგომოხმარების მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკის, როგორიცაა კონდიციონერი და ელექტროღუმელი, გამოყენება ძირითადად დღის შუა საათებში მოხდეს. ამ დროს მზის ელექტროსისტემა მაქსიმალურ გამომუშავებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც ელექტროენერგიის უფრო დიდი ნაწილი პირდაპირ მოიხმარება, აკუმულატორზე დატვირთვა მცირდება და ენერგიის დაგროვების სისტემაზე თერმული ზემოქმედებაც ნაკლებია.

ექსპერტების თქმით, ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) აკუმულატორები ყველაზე ეფექტურად 20–30°C ტემპერატურაზე მუშაობენ, ხოლო 40°C-ზე მაღალი ტემპერატურა აჩქარებს მათ ცვეთას და უკიდურეს შემთხვევებში უსაფრთხოების რისკსაც ზრდის.

🌞 სწორი ინსტალაცია და ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად ზრდის როგორც აკუმულატორის უსაფრთხოებას, ისე მისი მუშაობის ხანგრძლივობას.

📖 წყარო: PV Magazine – https://cutt.ly/tyr3kAaq