მზის ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

//მზის ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ხშირად გვეკითხებიან, თუ რა არის მზის ელექტროსადგურის დაყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა ეკონომიას მოგვცემს ის, რა გარანტია მოქმედებს და ა.შ. შესაბამისად, დადგა დრო, რომ ჩვენს ვებ-გვერდზეც დავდოთ ინფორმაცია, დადებითი და უარყოფით მხარეების შესახებ და გავაანალიზოთ პრო და კონტრ-არგუმენტები.

მას შემდეგ რაც ატომური რეაქტორის აფეთქება მოხდა ფუკუშიმაში, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დაფიქრდა ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების გამოყენების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, ასევე სახეზეა გარემოს უპრეცენდენტო დაბინძურება. შესაბამისად, ბევრი ადამიანის გონებაში მოხდა და ხდება გარდატეხა და უფრო მეტად დაფიქრება ეკოლოგიაზე და ჯანმრთელი გარემო-პირობების შენარჩუნებაზე. ბევრ სურს თავისი წვლილი შეიტანოს სუფთა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებაში. სოციალურ ქსელებსა თუ სხვა სივრცეებში, ჩვენს ირგვლივ მატულობს ონკოლოგიური დაავადებები, ეს კი ძვირად გვიჯდება ჩვენ და საბოლოო ჯამში სახელმწიფოსაც. ხშირ შემთხვევაში შედეგები ფატალურია და ვერც კი ვშველით ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს. ეს ყველაფერი გამოწვეულია ჩვენი არასწორი ზემოქმედებით გარემოზე.

რიგითი მოქალაქის დონეზე სუფთა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება შესაძლებელია მზის ელექტროსადგურის ან მზით წყლის გამათბობლების დამონტაჟებით. შედეგად, შესაძლებელია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არამხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ენერგოეფექტურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხითაც, თან იმის გათვალისწინებით, რომ ვიყენებთ სრულიად უფასო და ამოუწურავ ენერგიას.

მოდით განვიხილოთ მზის ელექტროსადგურის დადებითი მხარეები, თუმცა, უარყოფით მხარეებსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ.

მზის ელექტროსადგურის დადებითი მხარეები:

  • CO ემისიის შემცირება – ამით შეუძლია თითოეულ ჩვენთაგანს თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში. თავად ის პირები, რომლებმაც თავის დროზე მზის ელექტროსადგური მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით შეიძინეს, დროთა განმავლობაში უფრო მეტად შეაფასეს და სიამაყით განიმსჭვალნენ თავისი წვლილით, რომელიც არამხოლოდ ეკონომიკური ფაქტორით არის განპირობებული. მზის ელექტროსადგურის დაყენებასთან ერთად, ადამიანს უყალიბდება აბსოლუტურად სხვა მიდგომა ენერგიის გამოყენებასთან მიმართებით. ელექტროენერგიის გამომუშავება გვაიძულებს დავფიქრდეთ, რომ ზედმეტად არ მოვიხმაროთ ის. ელექტროენერგიის მშთანთქავი ძველი აპარატურა იცვლება ახალი ეკონომიურით და ა.შ.
  • მზის ენერგია უფასოა ყველასთვის და ამოუწურავია.
  • ტრადიციული ენერგიის წყაროები, გაზი, ნავთობი და ა.შ. ამოწურვადია, შესაბამისად იზრდება მათი ფასი და ასევე მათი საშუალებით მიღებული ელექტროენერგიის ფასიც.
  • 2016 წლის მაისიდან უკვე შესაძლებელია მზის ელექტროსადგურის ცენტრალურ ქსელზე დაერთება, რაც უზრუნველყოფს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში ჩაშვებას. ამით მნიშვნელოვნად იაფდება მზის საშუალებით მიღებული ელექტროსადგურის ფასი, ვინაიდან აღარ არის საჭირო აკუმულატორები და დაგროვებისთვის საჭირო ხელსაწყოები.
  • არ არსებობს ინვესტიციის ფინანსური რისკი, როგორც ეს არის მაგალითად აქციების ან სხვა ინვესტიციის შემთხვევაში. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ოდენობა იმატებს, მოიმატებს ასევე მისი ფასიც. დღეის მდგომარეობით საქართველო ჯერ კიდევ ახდენს ელექტროენერგიის იმპორტს (განსაკუთრებით ზამთარში), შესაბამისად ქვეყანას სჭირდება მეტი ელექტროენერგია.
  • მზის ელექტროსადგურებს არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული მოვლა, არც რაიმე სახის ცვეთას განიცდიან, ვინაიდან ის არ შედგება მოძრავი ნაწილებისგან. მზის პანელებს აქვს მუშაობის 20-25 წლიანი გარანტია. ეს მაჩვენებელი ბევრი საცდელი პროექტებით და ასევე დროთა განმავლობაში დამტკიცდა. არსებობს მზის სადგურები, რომლებიც 25 წელზე მეტი ხანიც არიან ექსპლუატაციაში. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანელებისგან განსხვავებით, გარდამქმნელი განიცდის უფრო ამაღლებულ ცვეთას. შესაბამისად, ეს ფაქტორი დათვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს.
  • მზის ელექტროსადგურს არ აქვს ხმა, გამონაბოლქვი, იგი ყველანაირი ემისიისგან თავისუფალია. ის არ შეიცავს საზიანო ნივთიერებებს.
  • მზის ელექტროსადგურის გათიშვის შემთხვევაშიც კი თქვენ არ რჩებით ელექტროენერგიის გარეშე, ვინაიდან ქსელიდან მაინც მოგეწოდებათ ელექტროენერგია.
  • 25 წლის შემდგომ მზის პანელების დემონტაჟი საკმაოდ მარტივია. სხვა ელექტროსადგურების დემონტაჟთან (მაგ. ჰიდროელექტროსადგური, ატომური ელექტროსადგური, ქვანახშირის და ა.შ.) შედარებაც კი არ შეიძლება. ასევე მარტივია მზის პანელების შემადგენელი ნაწილების გადამუშავება, ვინაიდან ალუმინის ჩარჩო, შუშა, ელემენტები გადამუშავებას ექვემდებარება. ის წარმოადგენს გადამუშავებაუნარიან ნარჩენს.
  • საკუთარი ელექტროსადგურით ადამიანი დამოუკიდებელი ხდება. არ არსებობს გამომუშავების ლიმიტი, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაზარდოთ სადგურის სიმძლავრე, თუ ამისი საჭიროება დადგა. ამასთანავე, ქსელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს თქვენს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა რაოდენობა იქნება ის. ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგია ან გაიქვითება ან ანაზღაურდება ქსელის ოპერატორის მიერ.
  • თქვენზე არ მოქმედებს ტარიფის მატების ფაქტორი.
  • გამოყენებული ტექნოლოგია არ არის საშიში, არ არის ფეთქებადი და არ წარმოადგენს რაიმე სახის საფრთხეს იმ შენობისთვის, სადაც ის მონტაჟდება.
  • მზის ელექტროსადგურის მოქნილი კონფიგურაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მისი მორგება მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებაზე. შესაძლებელია მინიმალური 50 ვატიდან 100 კილოვატამდე და მეტი სიმძლავრის ნებისმიერი სადგურის დაყენება.
  • ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემების არსებობა; გამოიყენება განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, სადაც ცენტრალური ქსელი არ არსებობს, ან ქსელის მიყვანა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მთის დასახლებებში და ა.შ.
  • ინვესტიციის უკუგების მცირე პერიოდი. სადგურის სიდიდის გათვალისწინებით ინვესტიციის მოცულობის უკუგება ხდება 6-დან 10 წლამდე პერიოდში. რაც უფრო დიდი სადგური ყენდება, უფრო ნაკლებია ინვესტიციის ხარჯი ერთ კილოვატზე.
  • ელექტროენერგიის დეცენტრალიზებული მიწოდება. ელექტროენერგიის მოხმარება ხდება იქ, სადაც ხდება მისი გამომუშავება. ამით ხდება ცენტრალური ქსელის განტვირთვა და ასევე ელექტროენერგიის გადაცემისგან გამოწვეული დანაკარგის თავიდან აცილება.

მზის ელექტროსადგურის უარყოფითი მხარეები:

  • მზის პანელებში ჩამონტაჟებული ელემენტის უჯრედები დროთა განმავლობაში განიცდის ცვეთას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი კარგავენ წარმადობას. პანელებზე გარანტია შეადგენს 10 წელს 90 %-იანი წარმადობით, 25 წელს – 80 %-იანი წარმადობით. ეს უარყოფითი მხარე გათვალისწინებულია საინვესტიციო დაანგარიშებაში, შესაბამისად, ეს უფრო ტექნიკური მხარეა საკითხის, ვიდრე მზის სადგურის უარყოფითი მხარე.
  • გარდამქმნელი ექვემდებარება განსაკუთრებულ ცვეთას, შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავარჩიოთ ხარისხიანი გარდამქმნელი. სასურველია ისეთი გარდამქმნელის ყიდვა, რომელსაც აქვს გრძელი საგარანტიო პერიოდი.
  • მონტაჟის შესაბამისი ადგილი. სადგური უფრო მეტად ეფექტიანია, როდესაც ის სამხრეთისკენაა დახრილი და დაახლოებით 45 გრადუსით. გარდა ამისა, სახურავი არ უნდა იჩრდილებოდეს, მაგალითად ხეებით ან სხვა შენობებით. მზის პანელების დაყენება შესაძლებელია მაშინაც, როდესაც დახრა არ არის სამხრეთისკენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სადგური შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე სამხრეთისკენ დახრის შემთხვევაში.
  • ზოგს არ მოსწონს მზის პანელების დიზაინი და არაესთეტურად მიაჩნია. თუმცა, დამერწმუნებით, რომ თბოსადგურები ან ქვანახშირის სადგურები უფრო ლამაზად არ გამოიყურება 😉
  • ელექტროსადგური არ გამოიმუშავებს სტაბილურად ელექტროენერგიას. ამინდის და დღის პერიოდის მიხედვით გამომუშავება სხვადასხვანაირია. შესაბამისად, განსაკუთრებით ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემების შემთხვევაში, საჭიროა დაგროვების (აკუმულატორების) საშუალებების სწორი შერჩევა და სათადარიგო მარაგის ქონა. დღეის მდგომარეობით მზის პანელებისთვის გამოსადეგი აკუმულატორების (რომლებიც დიდი ხანი ძლებენ) ფასი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ვითარდება ლითიუმ იონის აკუმულატორების ტექნოლოგია, რაც იმედის მომცემია.
  • მონტაჟის რისკი. პანელების სწორი მონტაჟი საკმაოდ მნიშვნელოვანია. არასწორი დაგეგმა, დილეტანტური მონტაჟი, უხარისხო კომპონენტები, კაბელები და ა.შ. შესაძლოა პროექტის მარცხის მიზეზი გახდეს. ამ რისკის მატარებელი დამკვეთია და იმ შემთხვევაში, თუ სადგური ვერ გამოიმუშავებს საკმარისს, შესაძლოა აღმოვჩნდეთ ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონტაჟი განხორციელდეს პროფესიონალების მიერ.

საქართველოში ინდივიდუალური ელექტროსადგურების დაყენება ახალი ხილია. შესაბამისად, ყველა სკეპტიკურად უყურებს მსგავს პროექტებს. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაითვალისწინოს ის წვლილი, რომელიც უნდა შევიტანოთ გარემოს დაცვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ის წვლილიც, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს შესატანი აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. ინდივიდუალური ელექტროსადგურის დაყენება, მართალია, მოითხოვს პირველად ინვესტიციას და უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს, თუმცა, ეკონომიკური სარგებელის გარდა ძალიან დიდია სხვა ფაქტორების დადებითი როლიც. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, 6-10 წლამდე ინვესტიციის უკუგების პერიოდი არც თუ ისე ბევრია, იმის გათვალისწინებით, რომ პანელებს 25 წლამდე მუშაობის პერიოდი აქვთ.

2017-04-09T20:21:07+00:00April 8th, 2017|Comments Off on მზის ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები